საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საგარეო საქმეთა სამინისტრომ არჩევნებზე დამკვირვებლად მოიწვია საერთაშორისო ორგანიზაციები და პარტნიორი სახელმწიფოები.

საარჩევნო პროცესების გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად, საგარეო საქმეთა სამინისტრომ, დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად, არჩევნებზე დამკვირვებლად მოიწვია საერთაშორისო ორგანიზაციები და პარტნიორი სახელმწიფოები. მოწვევა გაეგზავნა: ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისს (ODIHR), ეუთო-ს, ნატო-ს და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეებს, არაბული სახელმწიფოების ლიგას, აფრიკის კავშირს, ეროვნულ-დემოკრატიულ ინსტიტუტს (NDI), საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტს (IRI) და სუამ-ს. ორმხრივ ფორმატში, მოსაწვევები დაეგზავნა 50-მდე ქვეყანას, მათ შორის, ნატო-სა და ევროკავშირის წევრ ყველა სახელმწიფოს. მოწვევას უკვე დადებითად გამოეხმაურნენ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა და ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი. ეუთო, წინა არჩევნების მსგავსად, წელსაც ყველაზე დიდი სადამკვირვებლო მისიით იქნება წარმოდგენილი. აღნიშნული მისიის მანდატით, საპრეზიდენტო არჩევნებს 400-მდე საერთაშორისო დამკვირვებელი გაუწევს მონიტორინგს.

საერთაშორისო ორგანზაციების გამოხმაურება ადასტურებს საქართველოსადმი არსებულ მაღალ ინტერესს, რაც თავის მხრივ, ხელს შეუწყობს არჩევნების გამჭვირვალობის ხარისხის ამაღლებას.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნების ღია, თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში ჩატარებას. მთავრობის მიზანია საპრეზიდენტო არჩევნებმა ნათლად წარმოაჩინოს ქვეყნის დემოკრატიული განვითარების მაღალი ხარისხი.