ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

ვიზიტი არდაჰანის გუბერნატორთან

საქართველოს გენერალური საკონსულოს ორგანიზებითა და არდაჰანის გუბერნატორის, ბატონი იბრაჰიმ ოზეფეს მიწვევით, 2017 წლის 20 აპრილს, სამცხე-ჯავახეთის დელეგაცია, გუბერნატორის ბატონი აკაკი მაჭუტაძის ხელმძღვანელობით, ოფიციალური ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკის მოსაზღვრე რეგიონს სტუმრობდა. ვიზიტის მიზანი გახლდათ სამცხე-ჯავახეთსა და არდაჰანის გუბერნიებს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავება და ერთობლივ ტრანს-სასაზღვრო პროექტებზე მსჯელობა.

არდაჰანის ახლადდანიშნულ გუბერნატორთან იბრაჰიმ ოზეფესთან გაცნობითი შეხვედრის შემდეგ, მხარეებმა სასაზღვრო რეგიონებს შორის აქტიური თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს. განსაკუთრებული აქცენტები გაკეთდა სოფლის მეურნეობის, ასევე ტურიზმისა და ტურისტული პოტენციალის განვითარების მნიშვნელობასა და ამ მხრივ, ერთობლივი პროექტების განხორციელებაზე.

სამცხე-ჯავახეთის მხარის გუბერნატორთან ერთად, დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ საქართველოს მთის კურორტების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი სანდრო ონოფრიშვილი, ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებელი დიმიტრი ყიფიანი, მისი მოადგილე ანზორ სვანიძე, გუბერნატორის ადმინისტრაციის რეგიონული პროექტების მართვის სამსახურის უფროსი მარინა გაჩეჩილაძე. შეხვედრებს ესწრებოდნენ ქ. ტრაპიზონში საქართველოს გენერალური კონსული ავთანდილ მიქაცაძე და მისი თანაშემწე გიორგი ყუშიტაშვილი.

               არდაჰანის სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიერ ორგანიზებულ ბიზნეს ფორუმზე, მხარეები გაეცნენ მეზობელ რეგიონებში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს, სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის განვითარების მიზნით განხორციელებულ სამუშაოებს. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა არდაჰანში მშენებარე სამთო-სათხილამურო ცენტრზე, სადაც ამ დროისთვის დასრულებულია ცენტრის ძირითადი ინფრასტრუქტურის მოწყობა და ამ ეტაპზე საბაგირო გზების მშენებლობა მიმდინარეობს. მათი თქმით, მომავალში, ცენტრი არა მარტო სათხილამურო, არამედ სამთო კურორტის მნიშვნელობასაც შეიძენს.

                ქართულმა მხარემ მასპინძლებს გააცნო საქართველოში და განსაკუთრებით სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ტურიზმისა და სამთო კურორტების განვითარების მიმართულებით არსებული მდგომარეობა და გამოცდილება. თურქული მხარის თხოვნით, საქართველოში არსებული გამოცდილების გაზიარების, საჭირო ინფორმაციისა და რეკომენდაციების მიღების მიზნით, შეიქმნა სამუშაო ჯგუფი ერთობლივი ტრანსსასაზღვრო პროექტის განსახორციელებლად.

                სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და მთის კურორტების განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებმა არდაჰანის მხარესთან თანამშრომლობის სრული მზადყოფნა გამოთქვეს.

საპასუხო ვიზიტით არდაჰანიის გუბერნიის ოფიციალური დელეგაცია სამცხე-ჯავახეთს მ.წ. ზაფხულში ეწვევა.

 

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ