გაცნობითი ხასიათის შეხვედრა ტრაპიზონის ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლებთან
2025 წლის 23 ოქტომბერს საქართველოს გენერალურ კონსულმა ქ. ტრაპიზონში, ნიკოლოზ იაშვილმა ტრაპიზონის ადვოკატთა ასოციაციის უცხოელთა და მიგრაციის სამართლის კომისიის წევრებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
შეხვედრის ფარგლებში, სტუმრებმა გენერალურ კონსულს მიაწოდეს ინფორმაცია იმ იურიდიული მომსახურებების შესახებ, რომელთა შეთავაზებაც მათ შეუძლიათ თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის. მათ ასევე ისაუბრეს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასთან თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებზე, პროფესიული ურთიერთობების განმტკიცებისა და ორმხრივი გამოცდილების გაზიარების პერსპექტივებზე.
გენერალურმა კონსულმა, თავის მხრივ, ასოციაციის წევრებს გააცნო ის ძირითადი მიმართულებები, რომლებშიც თურქეთის ტერიტორიაზე მყოფ საქართველოს მოქალაქეებს ხშირად ესაჭიროებათ იურიდიული მხარდაჭერა.
შეხვედრის დასასრულს მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა სამომავლო თანამშრომლობისა და ერთობლივი ინიციატივების განხორციელების მიმართულებით, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს მოქალაქეთა სამართლებრივი ინტერესების უფრო ეფექტიან დაცვას.
