მისასალმებელი სიტყვა
საქართველოს გენერალური საკონსულო ქ. ტრაპიზონში წარმოადგენს საქართველოს სახელმწიფოს ინტერესებს და ემსახურება ჩვენს მოქალაქეებს თურქეთის რესპუბლიკის შავი ზღვისა და აღმოსავლეთ ანატოლიის რეგიონებში. საკონსულო ოლქი მოიცავს შემდეგ გუბერნიებს: ტრაპიზონი, ართვინი, არტაანი, ყარსი, არზრუმი, ბაიბურთი, გუმუშჰანე, სამსუნი, ორდუ, გირესუნი, ერზინჯანი, რიზე, იღდირი, ბითლისი, მუში, ბინგოლი, ელაზიღი, მალათია, თუნჯელი, აღრი, ვანი.
აღნიშნული რეგიონები გამოირჩევა თავისი ისტორიით, მდიდარი კულტურით, მრავალფეროვანი ტრადიციებით და განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის როგორც გეოგრაფიული სიახლოვის, ასევე, საუკუნოვანი ეთნიკური, კულტურული თუ ეკონომიკური კავშირების თვალსაზრისით. შავი ზღვის სანაპირო, თავისი საკვანძო სატრანსპორტო მარშრუტებითა და შესაძლებლობებით, ხელსაყრელ გარემოს ქმნის არა მხოლოდ სავაჭრო და ტურისტული თანამშრომლობისთვის, არამედ, ორ ხალხს შორის არსებული კეთილმეზობლური და მეგობრული ურთიერთობების გაღრმავებისთვისაც.
ჩვენი საკონსულოს საქმიანობის ძირითადი პრიორიტეტებია:
· საქართველოს მოქალაქეების უფლებებისა და კანონიერი ინტერსების დაცვა. მათთვის საკონსულო და სამართლებრივი მომსახურების უზრუნველყოფა;
· საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეებისთვის დახმარების აღმოჩენა;
· საქართველოსა და თურქეთის რეგიონებს შორის ეკონომიკის, ტურიზმის, კულტურისა და განათლების მიმართულებებით თანამშრომლობის ხელშეწყობა;
· მხარეთა შორის ისტორიული, მეგობრული და პარტნიორული კავშირების გაღრმავება;
· რეგიონში არსებული ისტორიული დიასპორული გაერთიანებებისა და ქართული კულტურის ასოციაციების მხარდაჭერა და ქართული ენის, ისტორიისა და კულტურის პოპულარიზაციის უზრუნველყოფა.
მოხარული ვარ, რომ ამ ვებ-გვერდზე, ჩვენი მოქალაქეები და სხვა დაინტერესებული პირები შეძლებენ, მიიღონ საჭირო ინფორმაცია, გაეცნონ საკონსულოს საქმიანობას და იმ სიახლეებს, რომლებიც შესაძლოა მათთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი იყოს.
გისურვებთ წარმატებას და გვეამაყება თქვენს გვერდით ყოფნა!
ნიკოლოზ იაშვილი
საქართველოს გენერალური კონსული ქ. ტრაპიზონში